ლეონარდო ბოფი: კორონავირუსმა ჩვენში ადამიანობა გამოაღვიძა


Boff

ლეონარდო ბოფი: კორონავირუსმა ჩვენში ადამიანობა გამოაღვიძა

გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა

22/04/2020

ლეონარდო ბოფიგანთავისუფლების თეოლოგიის ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ყოფილი სასულიერო პირი.  მოღვაწეობას ბრაზილიაში, ლექციებს კითხულობს ღვთისმეტყველებაში, ეთიკასა და ეკოლოგიურ თემებზე.

კორონავირუსმა ჩვენ ყველანი შემდეგ კითხვებზე დაგვაფიქრა: თუ რა არის სინამდვილეში ფასეული? სიცოცხლე თუ მატერიალური სიკეთეები? მხოლოდ საკუთარ თავზე მიმართული ინდივიდუალიზმი, რომელიც  მეორე ადამიანზე ზრუნვას გვავიწყებს თუ ერთმანეთისადმი გულწრფელი სოლიდარობა?  შეგვიძლია ჩვენ მომავალში ბუნებრივი რესურსები უაზროდ გავფლანგოთ, რათა კომფორტულად ვიცხოვროთ? თუ შეგვიძლია ჩვენი დედაბუნება, დედამიწის მრავალფეროვნება და სიკეთით სავსე ცხოვრება გვქონდეს მიზნად? ან ბუნების ყოველ არსებასთან ჰარმონიული ერთობა? ღირდა კი ომების მოყვარული სახელმწიფოებისათვის თითქოსდა თავდაცვის მიზნით სულმუდამ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება და დაგროვება? და აი დღეს ისინი უხილავი ვირუსის წინაშე იძულებულები არიან მუხლებზე დადგნენ!

გვაქვს კი უფლება საკუთარი მომხმარებლური სურვილები და ცხოვრების წესი წარსულის მსგავსად გავაგრძელოთ? არ დაგვავიწყდეს უმცირესობის ხელში მოქცეული უსაზღვრო სიმდიდრე, რომელიც მილიონობით ღარიბი ადამიანის ექსპლუატაციის შედეგია! აქვს კი აზრი ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყანასთან მიმართებაში საკუთარი სუვერენულობის გაძლიერებას? თუ დროა გლობალურად იფიქრონ სახელმწიფოებმა? რატომ ვერ ვგრძნობდით, ჩვენი ერთადერთი საერთო სახლის – დედამიწის და მის წინაშე ზრუნვის ვალდებულებას? რატომ არ გვსურდა ყველანი ბუნების ორგანული ნაწილები გავმხდარიყავით და მასში მოგვეძია საკმარისი ადგილი?

ეს არის კითხვები, რომელსაც თავს ვერ ავარიდებთ. ამაზე კი ჯერჯერობით არავის არ აქვს პასუხები. ერთი რამ ნათელი და ცხადია – ჩვენ  უნდა  შევიცვალოთ! ყველაზე საშინელება იქნება თუ ყოველივე ისევ ისე დარჩება როგორც უწინ. წარსული სამომხმარებლო ვნებითა და სპეკულაციური ლოგიკით, და შეიძლება შემდგომში მომეტებული სიმძაფრით. თუ ამ მწარე გამოცდილებიდან ადამიანები ვერაფერს ვისწავლით, შესაძლებელია დედამიწამ შემდგომი ვირუსი გამოგვიგზავნოს. ეს უკანასკნელი კი კაცობრიობის პროექტს საბოლოო წერტილს დაუსვამს.

თუმცა ასევე კორონავიურით გამოწვეული ეს ომი უფრო პოზიტიური გადმოსახედიდანაც მინდა შევაფასოთ.  ვირუსი გვაიძულებს ჩვენ სიღრმეში დაფარული და ავთენტური ადამიანური ბუნება აღმოვაჩინოთ. ეს ბუნება ორმნიშვნელიანია: სიკეთისა და ბოროტის შემცველი. აქ ჩვენ  კეთილ მხარეს მივაპყროთ ყურადღება.

უპირველეს ყოვლისა ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთკავშირში მყოფი არსებები ვართ. როგორც უკვე მრავალგზის ავღნიშნე, ყოველმხრივ ვკრავთ და ვესწრაფით ურთიერთობების კვანძებს. არავინ არ არის მარტოდმყოფი კუნძული. ჩვენ  ყოველმხრივ ხიდების აშენებას ვცდილობთ.

მეორე: ადამიანები ერთმანეთისადმი ვალდებულებების მქონენი ვართ. ამას კარგად აფრიკული გამონათქვამი „უბუნტუ“გამოხატავს და დაახლოებით შემდგომს ნიშნავს: „მე ვარ მე, მხოლოდ შენით და შენთან ერთად“. შესაბამისად ყოველი ინდივიდუალიზმი-კაპიტალისტური კულტურის მცდარი სულისკვეთება და ადამიანების პირდაპირი მტერია.  კორონავირუსი ამის კარგი დასტურია. ერთის ჯანმრთელობა მეორე ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ამ ორმხრივი ურთიერთკავშირის გაცნობიერებას და გათავისებას სოლიდარობა ეწოდება. კონკრეტულ დროში  სოლიდარობა ჩვენ შეგვაძლებინებს, რომ ეგოისტური სამყარო დავტოვოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ – გავხდეთ ჭეშმარიტი ადამიანები. ერთად ვიცხოვროთ და ერთმანეთს შევეწიოთ. ამ კვირაში სოლიდარობის სულისშეძვრელი საქმეების მოწმენი გავხდით, სადაც გაცემულ იქნა არა ზედმეტი და უსარგებლო, არამედ პირადი საჭიროებიდან სხვისთვის განტეხილი პური. ის რაც გამაჩნია და ძვირფასია ჩემთვის, სწორედ ის ვუწილადე სხვას.

მესამე, ჩვენ არსობრივად ერთმანეთზე მზრუნველი არსებები ვართ. ერთი შეხედვითაც კი დავინახავთ, რომ ზრუნვის გარეშე ვერავინ შეძლებს სიცოცხლეს,მთელი ცხოვრების მანძილზე ის ჩვენი ადამიანურობის მოწმობაა.  ჩვენ მოვალენი ვართ გარშემომყოფ  ყოველ ადამიანზე  ვიზრუნოთ. უნდა ვიზრუნოთ სხვებზე, რათა მან შეძლოს ჩემი შველა ან პირიქით მე შევძლო მისი შველა. მე უნდა ვიზრუნო ბუნებაზე, თუ არა ეს საშინელი ვირუსი, გამაოხრებელი გვალვა თუ წყალდიდობა, ამინდის მძიმე  ცვლილებები კვლავაც გვეწვევა. ჩვენ თუ  დედამიწაზე ვიზრუნებთ, ის აუცილებლად კვლავაც მოგვცემს კეთილ ნაყოფს, ის რაც სიცოცხლისათვის გვჭირდება. ზუსტად ამ დროს კორონავირუსის თავდასხმისას ყველაზე სუსტებზე და დაუცველებზე უნდა გვქონდეს ყურადღება მიმართული, რათა თავიდან ავიცილოთ ბიბლიური მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა.

მეოთხე, ჩვენ შევამჩნევთ, რომ ყოველი ადამიანი არის პასუხისმგებელი არსებულ მდგომარეობაზე. ეს ჩვენი საქმეების დადებითი და უარყოფითი შედეგების გაცნობიერებას შეგვაძლებინებს. ჩვენსავე ხელშია ადამიანების, სოციალური, ეკონომიკური და კულტურების სიცოცხლე  თუ სიკვდილი. არ არის საკმარისი სახელმწიფოების ან ერთეული ადამიანების პასუხისმგებლობაზე აქცენტის დასმა. ეს პასუხისმგებლობა თანაბრად ყველას მოეფინება, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანს შეგვეხო და ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მეორე ადამიანს გააზრებულად ან გაუაზრებლად ზიანი მიაყენოს.

და ბოლოს, ჩვენ სულიერი არსებები ვართ. ჩვენ სულიერი სამყაროს ძალას ისევ აღმოვაჩენთ, რომელიც ადამიანის სიღრმეშია და დაფარულია. იქ სადაც ოცნებები იბადება, ცხოვრების საზრისზე კითხვები იშვება, სადაც ჩვენ შევიგრძნოთ, რომ სულიერი ცხოვრება სიყვარულით და სიძლიერით სავსე ენერგიას გვაძლევს.  ეს ენერგია ცაზე ვარსკვლავებს და მიწაზე ადამიანების სიცოცხლეს შეინარჩუნებს, რომელზეც სრული კონტროლი არ გაგვაჩნია.  ამ ენერგიის მისაღება უნდა გავიხსნათ, დავეყდნოთ მას რათა მისი ხელით დაცულობა მოგვეცეს. რათა ამ სულიერმა ენერგიამ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად მთელი სამყაროსათვის კეთილი დასასრული უზრუნველყოს. თუ ჩვენ ასეთ სულიერი ცხოვრებას მივყოფთ ხელს, სიძლიერეს, ზრუნვას, სიყვარულს და ბოლოს ჭეშმარიტ ადამიანად გარდაქმნას ვიგრძნობთ, როგორც სულში ასევე გონებაში.

ამ ღირებულებების ფლობით ჩვენ  შეგვწევს ოცნების უნარი და მთავარი: სხვაგვარი მსოფლიოს დაბადების შესაძლობა გაგვაჩნია. მსოფლიო, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გარშემო იტრიალებს! ეს ეხება ეკონომიკას, ყოველი ადამიანის ჩართულობას საზოგადოებაში, ურთიერთკავშირების გაძლიერებას და სულიერ სიმტკიცეს. ეს იქნება ზრუნვის, მოწყალებისა და სიცოცხლის სიხარულის საზოგადოება.

წყარო: https://leonardoboff.org/2020/04/22/das-coronavirus-erweckt-den-menschen-in-uns/?fbclid=IwAR3ihVsmbK2dntDvDJbL-Da1nzo9H1nolJcMUjKAlA6NW7cCaTXUNnaF_es