დემოსთენე სავრამისი/ ბასილი დიდი მემარცხენე ქრისტიანობის პერსპექტივიდან


დემოსთენე სავრამისი – ბასილი დიდი მემარცხენე ქრისტიანობის პერსპექტივიდან

გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა

დემოსთენე სავრამისი – მართლმადიდებელი თეოლოგი და რელიგიის სოციოლოგი

1

ბასილი კესარიელი (330-379) მრავალი ნიჭის მატარებელ პიროვნებად შეიძლება დავინახოთ. ის იყო თეოლოგი, მონოზონი, ეპისკოპოსი, ქველმოქმედი, ბერძნული ჰომილეტიკური ხელოვნების ფუძემდებელი, ბიზანტიური ბერმონაზვნობის სოციალური ფორმის წესგანგების შემოქმედი, მონასტრული და დიაკონისეული ცენტრების დამფუძნებელი. მთელი ცხოვრების მანძილზე იგი  მკაცრ ასკეტად და სოციალურ მსახურების უბადლო შემოქმედად დარჩა. ბასილი საკუთარი მდიდარი ნიჭიერებითა და შემოქმედებით მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: სახარებისეული სწავლებით იესო ქრისტეში საზოგადოებისა და ადამიანების განახლებას.

როცა ჩვენ მისი განვლილი ღვაწლის დღევანდელი ეპოქის თავლსაწიერიდან შეფასებას ვცდილობთ, შეიძლება იგი სამართლიანად „მემარცხენე ბანაკის“ წარმომადგენლად დავინახოთ, ვინაიდან მთელი თავისი სიცოცხლე საზოგადოების პრივილეგირებული ჯგუფების ე.წ. „ისტაბლიშმენტთან“ წინააღმდეგობაში მყოფ პიროვნებად გვევლინებოდა. საზოგადოების ჰუმანიზირებისა და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლის მზაობას იგი სულმუდამ გამოთქვამდა, იქნებოდა ეს მისი მწყემსთავრული სიტყვა თუ საქმე. „ის რაც განსაკარგავად მოგეცა“ – წერს კაპადოკიელი მღვდელმთავარი,  „მასზე შენ პრეტენზიას გამოთქვამ როგორც პირად საკუთრებაზე? ვინც ერთ შესამოსელს მიითვისებს, მას ქურდი ეწოდება.  მაგრამ ის ვინც შიშველს არ შემოსავს, მიუხედავად იმისა რომ ეს შეეძლო, განა სხვა სახელს იმსახურებს? მშიერს ეკუთვნის პური, რომელსაც შენ მალავ! შიშველს შესამოსელი, რომელსაც სკივრში ინახავ! ფეხშიშველს ფეხსაცმელი, რომელსაც შენთან ჩრჩილი ჭამს! გაჭირვებულს ფული, რომელიც მიწაში გაქვს ჩამარხული!“. ამ სიტყვებით ბასილი მდიდრებს მიმართავს, გვაჩვენებს არა მხოლოდ იმას თუ რატომ არის იგი ღარიბებისადმი განსაკუთრებულად სოლიდარული. ეს და სხვა მსგავსი ქადაგებები კარგად აგვიღწერს მის სიმშვიდისა და სიმარტოვის სიყვარულისადმი წინააღმდეგობას. თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანების უდაბნოში განმარტოებას, კერძოდ საზოგადოებრივი ერთობისაგან ქრისტიანთა იზოლირებას და რატომ აკეთებდა არჩევანს მონაზვნობის კოინობიტური ფორმის მონასტრულ ცხოვრებაზე.

პირველ საუკუნეებში ქრისტიანებისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ფართო მნიშვნელობის მინიჭება კონტემპლატიური ცხოვრების ხარჯზე ერთგვარ საცდურად იყო აღქმული. ეს ნიშნავდა ყოველწამიერ მზაობას უდიდესი დღისათვის, შინაგან სულიერ განწმენდას და თავისუფლებას ყოველივე ამქვეყნიური საზრუნავისაგან.  დღევანდელი გადმოსახედიდან „ამასოფლის“ ასეთი რადიკალური უარყოფა ადამიანის მხრიდან ახალი აღთქმისეული გზავნილის არასწორად გაგების შედეგია, ვინაიდან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქრისტოცენტრულობა იმავდროულად ანთროპოცენტრულობასაც მოიაზრებს. ასე რომ ადამიანებისადმი და არსებული საზოგადოებისადმი ინტერესი სადაც თითოეულ ქრისტიანს უწევს მყოფობა მნიშვნელობადაკარგული ვერ იქნება.

ბასილი მონასტრულ ერთობაში ჭეშმარიტი ქრისტიანული კომუნის დაფუძნების  შესაძლებლობას  ხედავდა, რომელთა წევრები სრულიად უპოვარები იქნებოდნენ. მათ უნდა შეძლებოდათ თავისივე საქმიანობით მოპოვებული ღარიბებისათვის გაენაწილებინათ.  ამით  კაპადოკიელი ეპისკოპოსი ეკონომიკური ეთოსის სრულიად ახალ, სოლიდარობით განმსჭვალულ საზრისს ანვითარებდა. ის არის ქრისტიანული შინაარსით გაგებული „კომუნიზმის“ ფუძემდებელი, სადაც ეს ყოველივე ადამიანთა ქრისტიანული სიყვარულის ერთობად არის დანახული. სწორედ ასეთი საზრისის მქონე „კომუნიზმი“ გახდა მონაზონთა გაერთიანების სოციალური სტრუქტურის მთავარი მახასიათებელი. ასე შექმნა მან მონაზვნობისათვის ქრისტიანულ იდეალებზე დაყრდნობილი ეკონომიკური წესრიგი, რომელიც პირველქრისტიანული „სიყვარულის კომუნიზმის“ ახლიდან აღმოჩენას გულისხმობს. ეს ხედვა სასიკეთო ნაყოფის მომტანია თანამედროვე საზოგადოების ეთიკური მსოფლმხედველობისათვის.

ორ ბურჯს – ლოცვასა და შრომას დაყრდნობილი, ღმერთისა და მოყვასის მსახურება ბასილის მიერ გამოჭედილი მონაზვნური სოციალური ეთოსია, როგორც სათნოება „სრულყოფილი სრულყოფილთა შორის“.  ასეთი საზოგადოების აზრს კარგად მაშინ ჩავწვდებით, როდესაც გავაცნობიერებთ საფრთხეებს, რომელიც აღნიშნულ ეპოქაში ქრისტიანობის წინაშე არსებობდა. ქრისტიანობამ  ინსტიტუციონალიზირებული ფორმაში  იმპერიის ეკლესიად გარდასახვისას თავდაპირველი ღირებულებებიდან ბევრი რამ დაკარგვა, ხოლო ამასთანავე ძლიერ საგრძნობი გახდა ეკლესიის წიაღში დაბადებული საპროტესტო მოძრაობები, რომელიც სულიერი საზრისის ძიებაში ყოველგვარ მატერიალურ ღირებულებას უკუაგდებდა.

ბასილი შეიძლება შეფასდეს ზეცასა და მიწას შორის დამაკავშირებელ ადამიანად. მისი მოღვაწეობის უნივერსალური მნიშვნელობა იმაშია, რომ მან ქრისტიანობის, თეოლოგიისა და ეკლესიის საზრისი ამქვეყნიურ სამყაროსთან, არსებულ საზოგადოებასთან თუ კულტურასთან მიმართებაში დადებითი გავლენით სრულად დატვირთა. მანვე მისცა პირველი ბიძგი აქტიურ სამონაზვნო ასკეზას. ამით იგი ერთერთი პირველია შექმნილ სამყაროზე მომართული და არა მისი უარმყოფელი ასკეზის ფორმისა და შინაარსის, რომელიც თითოეული პიროვნების და გარშემომყოფი სოციუმის განახლებას მოიაზრებს. მოგვიანებით ეს რელიგიური პრაქტიკა საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში იმდენად აქტიურად თანამონაწილეობდა, რომ გარკვეულწილად განსაზღვრა დასავლური სამყაროს მოცემულობა. [1]

2

ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაში სწავლება იესო ქრისტეს შესახებ (ქრისტოლოგია) მჭიდრო კავშირშია ადამიანის შესახებ სწავლებასთან (ანთროპოლოგია). ეს  მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აღმოსავლეთში ღვთისმოსაობის შინაარსისა და საეკლესიო ცხოვრების ფორმებისათვის.  აქვე აღსანიშნავია აღმოსავლურ თეოლოგიაში განღმრთობის შესახებ სწავლების განსაკუთრებულობა. განღრმთობის (თეოზისი) საზრისი არის ადამიანის მიახლება ღვთაებრივთან და ღმერთთან სულიერ-მისტიური შეერთება-შერწყმა. თავდაპირველად სწორედ აქ ვხვდებით  სრულად სულიერზე ორიენტირებულ ასკეზის პრაქტიკას და ამასოფელის უარყოფას. მატერიალურ სამყაროსთან რადიკალური ფორმით კავშირის გაწყვეტა და თავის გარიყვა ერთგვარი დანაშაულია ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროსთან მიმართებაში. ღმერთის გზავნილი ადამიანისადმი „მოშენდით და მომრავლდით“ თუ „დაამუშავეთ და დაიცავით“ უფლისგან ბოძებული სიცოცხლის სპირიტუალურ მარტოობაში არსებობის სურვილი ანაცვლებს.

ბიზანტიურ ეკლესიაში  ამქვეყნიურ სამყაროსადმი მტრული დამოკიდებულება  ხშირად თავს იჩენდა. მსგავსი მცდარი მოსაზრება მუდამ გასდევდა აღმოსავლურ ღვთისმოსაობის პრაქტიკას, თითქოსდა ის ქრისტეს სწავლებაში იყო ჩადებული და საბოლოოდ სამყაროსადმი მტრობაში ითარგმნებოდა. ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რამაც მსგავსი მოსაზრებანი დააჩქარებული ტემპებით განავრცო  ეკლესიის პოლიტიკური თეოლოგიას განეკუთვნება, რომელიც იმპერატორისა და მისი გამარჯვების თეოლოგიურ ლეგიტიმაციას ახდენდა, ამის კარგი მაგალითია კონსტანტინე დიდი ეპოქა.

ბევრი ქრისტიანი ამაში პრობლემას ხედავდა, რომ საიმპერატორო კარი ეკლესიის მმართველ ძალებს აღაზევებდა, შედეგად თეოლოგია და ეკლესია ამქვეყნიურ ძალაუფლებასთან ზავდებოდა. ქრისტიანების ერთი ნაწილისაგან ეს მოქმედება დიდ საფრთხედ იქნა აღქმული. მათ დაინახეს რა მოსალოდნელი შედეგები და გადაწყვიტეს რადიკალური პროტესტის ფორმებით შეწინააღდეგებოდნენ დამკვიდრებულ საეკლესიო წესრიგს, რომელიც მათივე ხედვით ყოველგვარი ნაყოფის გარეშე რჩებოდა. „პროტესტანტები“ უდაბნოში გავიდნენ და დაიბადა მონოზვნობის პირველსახე, ხოლო იმპერიული ქრისტიანობა, თეოლოგია და ეკლესია ბიზანტიურ „ისტაბლიშმენტს“ დარჩა.

არსებულმა საზოგადოებრივმა წესრიგმა ჭეშმარიტი ქრისტიანები მარტოდ დატოვა, შეიძლება ითქვას მიატოვა. ასე აღმოცენდა „ამასოფლის უარყოფის“ თითქოსდა დადებითი ხედვა, რომელიც თავისი თეოლოგიური არგუმენტებით სულიერი თუ ხორციელი ცხოვრებისათვის მისაღებად ნორმად იქცა. გარდა ამისა ის აღმოსავლურ ხასიათს შეესაბამებოდა, რომელიც მოუწოდებდა არა აქტიურ ბრძოლას არსებული უსამართლო ეკონომიკური ან საზოგადოებრივ წესწყობილების წინააღმდეგ, არამედ ძირითადად პასიურ მყოფობას ანიჭებდა უპირატესობას.  შემდგომში ეს ყველაფერი იმედგაცრუებაში, გულის გატეხვასა თუ მატერიალურ სამყაროსთან მარცხში ვლინდებოდა. ასე წარმოიქმნა ხილული (შექმნილი) სამყაროს (ამქვეყნიურობის) ერთგვარი „გაუფასურების“ საღვთისმეტყველო არგუმენტები. ხოლო პასიური და არასოციალური შინაარსი მქონე ასკეზა  ქრისტიანული ცხოვრების უმაღლეს ფორმად გამოცხადდა.

3

ბასილი მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები იმ ქრისტიანების მსგავსი იყო, ვისთვისაც ამქვეყნიურის უკუგდება, განმარტოება და სიმშვიდეში ლოცვით მოსაგრეობა ცხოვრების იდეალურ წინაპირობად ქონდათ მიჩნეული, სადაც თვითმიზნად ქცეული ღვთისადმი მსახურება უპირობოდ და მთელი სისრულით  იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე ის თავდაპირველად სულიერ განვითარებას ასკეტებთან ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, კესარიაში და მესოპოტამიაში ცდილობდა, სადაც  განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა. „ასე დავადექი პონტოსკენ გზას“ – ყვება ბასილი, „რათა იქ სულიერად მოსასვენებელი ადგილი მომეძია, რომელიც ჩემ ცხოვრებას შეესაბამებოდა“. თუ რატომ აღმოჩნდა მისთვის ეს ადგილი მისაღები, ვკითხულობთ წერილის შემდგომ ეპიზოდში: „აქ მე სახარების კითხვისას გავიაზრე, უმაღლესი ნაბიჯი სრულყოფილებისაკენ, ჩემი ქონების გაყიდვა და გაჭირვებული ძმებისათვის განაწილება. უარყოფა ამქვეყნიური მატერიალური ცხოვრებისა რათა ყოველგვარი შინაგანი დამოკიდებულებისაგან დავხსნილიყავი. მე მქონდა სურვილი  ისეთი ძმა მეპოვნა, რომელმაც ასეთი მოსაგრეობა უკვე აირჩია და ამით მე ამ წუთისოფლის  გზაზე წარმიძღვებოდა.“

მარტოდმყოფობამ და სიმშვიდემ ბასილის დაკმაყოფილება დიდხანს ვერ შეძლო. მან მალევე გააცნობიერა, რომ სიყვარული არა მხოლოდ ღვთისადმი მიმართული ჭვრეტასა და მოუკლებელ ლოცვაში გამოიხატება, აგრეთვე მოყვასისის საქმით გამოხატულ ქმედით სიყვარულში. ამის სისრულეში მოყვანა სწორედაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში იქნებოდა შესაძლებელი. განმარტოებული იაზრებს, რომ ადამიანის ღმერთთან ვერტიკალური შეხვედრა არ უნდა მოხდეს ადამიანის მოყვასთან ჰორიზონტალურ დამოკიდებულების ფასად, რომელიც ყველანაირად უნდა იქნეს გაფრთხილებული. სწორედ ამ თვალსაზრისიდან გამოიჭედა ბასილი დიდის აქტიური სამონაზვნო ასკეზის საჭიროება, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი სიყვარულს, შრომის საჭიროებას და მისი ღირებულების შესახებ სრულიად განსხვავევული შეხედულებები წარმოშვა.

ბასილი ასკეტურ საზოგადეობრივ ცხოვრებას თეოლოგიური და პედაგოგიური არგუმენტებით ამყარებდა. ეგვიპტეში, პალესტინასა და სირიაში დაგროვილი გამოცდილების საფძველზე  შემდეგ შეხედულებამდე მივიდა, რომ ანაქორეტული ცხოვრება ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა და ასეთი სულიერი მოღვაწეობა საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის არანაირ შესაძლებლობას არ იძლეოდა. მისი აზრით, არცერთ ადამიანს არ ძალუძს იზოლირებული ყოფით საკუთარი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, ამასთანავე  მარტოობაში სიყვარულის მცნების სისავსეში მოყვანა ერთობ ძნელია. ასევე დავიწყებული არ უნდა იქნეს, რომ საზოგადო სიკეთე ყოველ ადამიანს ეკუთვნის, ეს საერთო სიკეთეებია და  მხოლოდ ერთეულების მისაკუთრების შემთხვევაში უნაყოფო იქნება. და ბოლოს მარტოობაში მყოფი ადამიანი, რომელიც არავის ემსახურება და არც სულიერად იცდება, მარტივად შეიძლება ამპარტავნებაში ჩავარდეს, სადაც ის საკუთარ სულიერ სისრულესაც ირწმუნებს.

ადამიანს მხოლოდ საზოგადოებრივი სიკეთის შემოქმედებით შეუძლია ვითარცა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა იცხოვროს, ვინაიდან იგი საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე სოციალური არსებაა. არ არსებობს ინდივიდის ცალკეული შრომითი მოქმედება, ყოველი საქმე კონკრეტული საზრისის მქონეა და საერთო სიკეთისმქონე მიზნებისაკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ მონოზონი სოციალური ერთობის ნაწილი უნდა იყოს, სადაც ის ყოველგვარი დანაკარგის გარეშე არ იქნება გამოყოფილი. პირველი კორინთელთა მეცამეტე თავის მეხუთე მუხლი გვასწავლის: სიყვარული…არ უხეშობს, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს!  ბასილისათვის ეს  ხდება საფუძვლიანი არგუმენტი  ასოციალური თუ ანტისოციალური მონოზვნობის ფორმის საწინააღმდეგოდ. ურთერთტვირთის ზიდვა და სამართლიანი პოლიტ-ეკონომიკური წესრიგი, რომელიც დახმარების შესაძლებლობას გრთავს ღვთის საჩუქარია.

ურთიერთსიყვარული ვითარცა უმაღლესი კანონი  სრულებით უნდა იყოს  როგორც მონასტრული საზოგადოების შიდა ცხოვრებისა ასევე საზოგადოების ნებისმიერი საქმიანობის განმსაზღვრელი. პირველი მცნების ღვთის სიყვარულის შემდეგ  მოყვასის სიყვარული ბასილის ეთიკური ხედვის ცენტრში დგას, რომელიც სამართლიანად  იწოდება ქრისტიანულად. მოყვასის სიყვარულის აღსრულებით ვიცავთ ღვთის სიყვარულის მცნებას, ხოლო მეორეთი ისევ პირველს ვუბრუნდებით. „ვისაც უფალი უყვარს, მას მოყვასიც უყვარს“ – ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ყოველივე. სიყვარული არის „პირველი და უმშვენიერესი სულიერი ნაყოფი“.  

განდეგილი სიყვარულის მცნების მთელი სისრულით აღსრულებას იმით ეწინააღმდეგება, რომ ის მხოლოდ საკუთარი საჭიროებებისათვის ზრუნავს, ხოლო მონასტრებში მონოზვნები ახორციელებენ ერთგვარ „სიყვარულის კომუნიზმს“ , რასაც ჩვენ ფიქრებით პირველ ქრისტიანთა კომუნებთან მივყავართ.  მონასტერში დამკვიდრებული მიმართვის ფორმა „ძმა ან და“ ნათლად გამოხატავს იქ არსებულ თანასწორობასა და ერთიანობას. აქ ისევ შემოდის ბასილის თვალსაზრისი, რომ ყოველი ადამიანი ერთმანეთის და ან ძმაა, რომელიც ერთი მამისაგან არიან შობილნი.

მოგვინებით ეპისკოპოსად გამორჩეული ბასილი სამართლიანადაა მიჩნეული ბიზანტიური მონაზვნობის მამად და სოციალური შინაარსით დატვირთული სამონასტრო წესგანგების შემოქმედად. მასში საზოგადოებისათვის კეთილად მსახურების იდეალი უმაღლესი ხაზგასმითაა წამოწეული, ხოლო მონოზონი ქრისტეს მიმბაძველად არის წარმოდგენილი. ეს  მონოზვნის არათუ ამქვეუნიური სამყაროსადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულების ამყარებს, პირიქით გაუცხოვებულ ან თუნდაც მტრულ მიმართებას ერის ადამიანებისა თუ ამსოფლიური ცხოვრებისათვის გარდაქმნის და  მეგობრობის (დიალოგისმოსურნე) შინაარსს სძენს.

აქედან გამომდინარე ბასილისეული მონოზვნობის ორი დიადი მიზანი იკვეთება:

1. მონოზონი უნდა გახდეს ღვთისმსგავსი, კერძოდ მისი განცხადებული მიზანია სათნოებების აღსრულებით საღვთო სრულყოფილებისაკენ სწრაფვა.

2. სიყვარული – მონასტრული ცხოვრების ფუნდამენტი და მონოზონის ღვთივბოძებული შესაქმისადმი დამოკიდებულების ერთგვარი საზომია.  მას შემდეგ რაც ქრისტიანი მონაზვნური ცხოვრების გადაწყვეტილებას იღებს მისთვის მსახურება უმთავრეს ამოცანად იქცევა. ამ ხედვების გათვალისწინებით მონოზვნობის არა მხოლოდ სოციალური ფორმა გამოიძერწა, არამედ მონასტრები ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში სოციალური მსახურების წამყვან ცენტრებად იქცნენ. ბასილის თვალთახედვიდან გამომდინარე ნებისმიერი პიროვნება „საზოგადოებრივი ერთობის განუყოფელი ნაწილია“ და იმავდროულად „პოლიტიკური“ არსებაა. ქრისტიანის როლი და მნიშველობა ამ ერთობაში ადამიანისათვის ღვთივბოძებული ტალანტით მსახურებაა, რომელიც ღვთივსათნოს ცხოვრების ფუნდამენტური სათნოებად აღირაცხება. ქრისტიანის ვალდებულებად ცხადდება გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უპირობო მხარდაჭერა.  ამ მიმართულებით კაპადოკიელი ეპისკოპოსი თავად გახდა სოციალური მსახურების საუკეთესო მაგალითი. გრიგოლ ღვთისმეტყველი მას „ქვრივების დამცველს“ , „ობლების მშობელს“,  „ღარიბების მეგობარს“ , „უცხოთა ძმად“ და „სნეულთა მკურნალად“ მოიხსენიებდა. ბასილის მსახურება სნეულთა, გაჭირვებულთა, ობოლთა თუ სხვა დაუცველი თანამოქალაქეებისადმი თავისი გამოხატულება ფართო კარიტატიულ აქტივობებში ჰპოვა. ეს კი ქალაქ კესარიაში გაჭირვებულთა ცენტრის, მოხუცთა თავშესაფრების და საავადმყოფოებს დაარსებაში იქნა გამოხატული.

ქრისტეს სიტყვები: „მე მოვედი არა იმიტომ, რათა მემსახურონ, არამედ მე ვემსახურო“ მონოზვნების კანონი უნდა გამხდარიყო, სადაც საღვთო ნება მოყვასის მსახურებას მოითხოვს. მონასტრებისათვის მსახურება მათთვის გახდა ლოცვასთან ერთად განუყოფელი ღვაწლი, რაც ეკლესიის სოციალურ მსახურებაში წარმოჩინდა, მსგავსად მსახურებისათვის მოსული იესო ქრისტესი. მთელი ისტორიის მანძილზე ასე ჩნდებოდნენ მონოზვნები იქ სადაც გაჭირვება და სიღარიბე სუფევდა.

მონასტრების სოციალური მსახურება ბასილის ქმედითი სწავლების შედეგად ერთგვარ საშუალებად იქცა საზოგადოებაში ეკონომიკური გაჭირვების შესამცირებლად. ამან თვით ოფიციალურ ეკლესიასა და  რიგ ეპისკოპოსებზე დიდი გავლენა მოახდინა. საავადმყოფოები, მოხუცთა თავშესაფრები, ობოლთა სახლები, გაჭირვებულთა გამოკვების ადგილები, მიუსაფართა და დევნილთა სოციალური ცენტრები მონაზვნების დიაკონისეული აქტივობის  ნათელი გამოხატულება გახდა. რომ არა ათასობით მსახურებისათვის უანგაროდ ჩართული მონოზონი, ბიზანტიაში კარიტატიული და სოციალური მსახურების ამ მასშტაბით განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა.  გარდა ამისა არსებული საზოგადოებრივი უსამართლობის მისამართით ეკლესიის მამები და მონოზვნები წინასწარმეტყველური გზავნილებითა და სოციალური კრიტიკით გამოირჩეოდნენ. ბიზანტიის იმპერიაში საავადმყოფოების უდიდესი ნაწილი მონასტრებთან იყო დაფუძნებული და თავად მონოზვნები  სნეულთა მსახურნი და ხშირად მკურნალნიც იყვნენ. კითხვაზე: თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს ამასოფლისაგან მონოზონი? პასუხი იყო: vita contemplativa-ს მიზანი  vita activa-სთვის მომზადებაა. ასე ერთვებოდნენ  კარიტატიულ ღვაწლში მონოზვნები და გაჭრვებული ადამიანების მეგობრის როლს ირგებდნენ. ასე გახდა მონოზვნობა ორგანიზებული სოციალური მსახურების პიონერი და ბიზანტიის იმპერიის სოციალურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი სამართლიანად დაიმსახურა.

4

ბასილი დიდის სწავლებანი, განსაკუთრებით კი მისი მონოზონთა წესგანგება, როგორც თავად აღნიშნავს არამხოლოდ მონოზვნებისათვის, ასევე ერში მცხოვრები ადამიანებისათვის არის დაწერილი. ასევე დავიწყებული არ უნდა იყოს შემდგომი მიზეზი, რომ მონოზვნებისათვის შექმნილი მსგავსი სახის წესგანგებანი შეუძლებელია ყველა დროში იყოს ქმედითი. ვინაიდან ის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული საზოგადოებრივი წყობილების ჟამს იქმნებოდა და ხშირად დღევანდელთან შეუსაბამობაში მოდის. აღმოსავლეთის საეკლესიო ცხოვრებაში იმდენად გამყარდა გვიანი იზოლაციონისტური მონოზვნური ეთოსი, რომ ადგილი სხვა ეთიკური შეხედულებებისათვის  სრულად დაიკარგა.[2] ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მანძილზე მართლმადიდებელ ეკლესიაში მონოზვნებისათვის გამოძერწილი ეთოსი გაგებულ იქნა როგორც უნივერსალური ქრისტიანული ეთიკა,  მონასტრის კედლებში და მის კედლებს გარეთ მყოფი ადამიანებისათვის.  ამ ყოველივემ აღმოსავლეთში ქმედითი სოციალური სწავლებისა და ეთიკის წარმოქმნა-განვითარება დააბრკოლა, რომელიც ადამიანის ამასოფლის პოზიტიურად მიმღებლობის აღქმასა და სახარებისეულად გარდამოსახედიდან გადააზრებაზე  იქნებოდა მიმართული, ხოლო ეს საზოგადოებასა და სოციალურ ცხოვრებაში ქრისტიანების პასუხისმგებლობით სავსე თანამონაწილეობამდე მიგვიყვანდა. იმავდროულად ბასილი დიდის სწავლება მონასტრული ერთობის სოციალური საზრისსა და ამოცანების შესახებ დავიწყებას მიეცა, შემდგომ ისტორიულ პერიოდში აღმოსავლეთში მონოზვნობის და მისი იდეალების გარკვეულწილად დაცემა მოხდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბასილის სოციალური სწავლება და ეთიკა სამწუხაროდ აღმოსავლეთში უნაყოფო მიწაზე დაეცა, ხოლო დასავლეთში პირიქით მისი გააზრება და ხორცშესხმა მოხდა. ეს დასავლეთის ეკლესიაში „ლოცვისა და შრომის“ ერთმანეთისაგან მოუცილებელ სამონაზვნო კანონში გამოიხატა. ისტორიკოსები და სოციოლოგები სამართლიანად ხაზს უსვამენ, რომ ცნობილი ფორმულის „ora et labore“-ს ქმედითუნარიანობა ერთერთი მცირე მიზეზთაგანი გახდა, დასავლური სამყაროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისა. კათოლიკური მონაზვნური ორდენების გარდა შრომას (კონკრეტულ პროფესიებსაც) გაცილებით  დიდი საზრისი მარტინ ლუთერმა შესძინა. ასევე კალვინისტურმა მკაცრმა შინაგანზე ორიენტირებულმა ასკეზამ, როგორც აუცილებელმა ნაწილმა დასავლური ყოველდღიური ყოფისა მყარად განსაზღვა ადგილობრივი შრომის კულტურა. სწორედ აქედან მომდინარეობს მოსაზრება, რომ მონოზვნური ფორმულა „ლოცვა და შრომა“ უფრო დასავლური ფენომენია და მისი საწყისები ბენედიქტიანელთა ორდენთან არის კავშირში.  თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის აღმოსავლური ქრისტიანული ღვთისმეტყველების მონაპოვარია და სრული სავსებით კვლავაც ელოდება გაცოცხლებას ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში თუ მორწმუნეთა სოციალურ ერთობაში.


[1] ავტორი ხშირად საუბრობს აღმოსავლეთის ეკლესიაში აღმოცენებულ სოციალურ წესრიგზე, მათ შორის მონაზვნებს შორის. მოგვიანებით ეს დასავლეთმა კარგად შეითვისა, ხოლო თავად აღმოსავლეთის ეკლესიებში სხვადასხვა მიზეზთა გამო დავიწყებულ იქნა.

[2] ეს ეხება ბასილი დიდის სოციალურ ეთოსსაც, რომელიც ფაქტიურად გვიანი პერიოდის მართლმადიდებელ ეკლესიებსი დავიწყებას მიეცა.  

წყარო: Savramis Demosthenes, Zwischen Himmel und Erde. Die orthodoxe Kirche heute, Stuttgart 1982, 57-66.

One thought on “დემოსთენე სავრამისი/ ბასილი დიდი მემარცხენე ქრისტიანობის პერსპექტივიდან

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s